Wednesday, October 21, 2015

მეზობლები

                          
        
         “მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო”
                                                   (ძველი ქართული სიბრძნე)

    ეს ანდაზა შესაძლოა საქართველო- რუსეთის მეზობლობის ფონზე მოსატანიც არ იყოს ან ქართული სიბრძნის სიბრძნეც დავიწუნოთ, მაგრამ ისე როგორც ჩვენ გვინდა არასდროს არ არის.
    მეზობლებს არ ვირჩევთ.
    მეზობელი ის უცვლელი მოცემულობაა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი სურვილის მიუხედავად, ჩვენს გვერდით, არსებობს.
      არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის მეზობლები:
1)  მეზობლები, რომლებიც მუდმივად ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ჩვენს ბედნიერებას და უბედურებას იზიარებენ.
2)     კარის მეზობელი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად  თანაცხოვრობს  ჩვენი საზღვრის იქით.
3)  “ჭირვეული მეზობელი”, რომელიც ნებისმიერ წვრილმანზე გვეკიდება, ნებისმიერი ქმედება ჩვენი მხრიდან აღშფოთებს და აღიზიანებს, მაგრამ იგივეს და უფრო მეტსაც თავად ჩადის ისე რომ შენიშვნებსაც კი არ კადრულობს.
4)  “ძირითადი მეზობელი”, ეს განსაკუთრებული ფენომენია, ეს არის მეზობელი, რომლის წინაპარი და შენი წინაპარი ერთად თანაცხოვრობდნენ და მეგობრობდნენ, ან სულაც არ მეგობრობდნენ.  ეს არის მეზობელი, რომელთანაც ბევრი წელი (საუკუნე) და უფრო მეტი ისტორია გაკავშირებს. ეს არის მეზობელი, რომელთანაც მეზობლობა გენეტიკურად გერგო.
5)  ძველი მეზობელი, რომელიც ოდესღაც შენს მეზობლად ცხოვრობდა.
6)  ახალი მეზობელი, ეს ის მეზობელია, რომელიც შენი ძველი მეზობლის ადგილას დასახლდა და რაც არ უნდა კარგი იყოს მაინც იმ ძველ მეზობელს ადარებ და მისტირი.
   მეზობლებს შორის რომ ურთიერთობა შედგეს, მთავარია ორივეს სურვილი იყოს. მთავარია, რომ მეზობლებს შორის დიალოგი შედგეს და არა ისე, მეცეცხლურ მეზობელთან შენს არარსებულ ურთიერთობაზე   გაღმა ქუჩიდან რომ იგებ.
    მეზობელთან, ისევე როგორც ოჯახის წევრთან, გაფუჭებული ურთიერთობა პირდაპირი დიალოგის გზით უნდა მოაგვარო. რომ კიდევ უფრო არ დამძიმდეს და გაუსაძლისი არ გახდეს ერთად თანაცხოვრება, ერთმანეთთან უნდა ისაუბრო და არა მესამე პირთან, რადგან ურთიერთობა “გაფუჭებულ ტელეფონს” არ დაემსგავსოს.(შენს გასაკეთებელს და მოსაგვარებელს ვერავინ ვერ გააკეთებს, რაც არ უნდა ძლიერი, გავლენიანი და ძლევამოსილი მეგობარი გყავდეს.)
  ხო, მართლა, ჩემი “ძირითადი”, “მეცეცხლური “ (ანუ მესაზღვრე) მეზობელი გამახსენდა, ამასწინ გადმომივარდა და საქმის გარჩევა დამიწყო. საქმე ისაა რომ ამ ჩემს მეზობელს ცუდი ურთიერთობა აქვს საკუთარი ოჯახის წევრებთან და ულტიმატუმი წამომიყენა მათთან ნუ კონტაკტობო. (რა თქმა უნდა იქ გავგზავნე სადაც მისი ადგილია, თან რევაც მივაყოლე ჩემთან “ბლატაობას” ჯობდა საკუთარ ოჯახში გაერკვია სიტუაცია და შესაბამისად გამოესწორებინა. გარკვეული სიტუაცია, ნახევრად მოგვარებული სიტუაციაა.)
  ყველას გვინდა ჭკვიანი, განათლებული, კეთილი, კულტურული მეზობლები ჩვენს გარშემო, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა.
   მეზობლებს არ ირჩევენ.
  მეზობლები უცვლელი მოცემულობაა, რომელთან ერთად ჰარმონიულიული თანაცხოვრება უნდა შევძლოთ, თუ ჭკვიანები ვართ ჩვენს შორის არსებულ პრობლემებზე ერთმანეთში ვისაუბრებთ, თუ არა და ჩავრევთ “კეთილის მოსურნეებს” და ჩვენი დავაც არასოდეს არ მოგვარდება.
    P.S. თუკი ოჯახი სახელმწიფოს მიკრომოდელია, მაშინ ოჯახებს შორის მეზობლობაც სახელმწიფოებს შორის მეზობლობას უნდა შევადაროთ. ყველაფერი უფრო მარტივადაა ვიდრე გვგონია, მთავარია, სახელმწიფოს პრობლემებიც ისე გავითავისოთ და მოვაგვაროთ, როგორც საკუთარი ოჯახის და ყველა რესურსი გამოიყენო, რათა “ძირითად”, “ჭირვეულ”, მესაზღვრე მეზობელთან ჰარმონიული ურთიერთობა აღადგინო და გარეთ გამოსვლის აღარ გეშინოდეს, და რაც მთავარია ეს მიაღწიო ორმხრივი კონსენსუსით და არა ისე, რომ შენი უფლებები არ დაიცვა, რაც მას უნდა შენს გარეშე, შენს ჩაურევლად მაინც მიიღოს და თან უკანასკნელი გოიმივით გაიბუტო და მაგარი ტიპობა ითამაშო.